„ეს ნაგავი დიდი პერიოდის განმავლობაშია დაგროვილი და ხე-ტყის რეალიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს“
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 17:22
„ეს ნაგავი დიდი პერიოდის განმავლობაშია დაგროვილი და ხე-ტყის რეალიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს“

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის ერასტი როდონაიას თქმით, პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას ხე-ტყის უკანონო ჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ როდონაიამ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა.

“ამ ფოტოს თუ დააკვირდებით, კადრში ზემოთა მხარე სვანეთის მხარეა და უსწორმასწოროა. ქვემოთ კი სწორი ხაზია. მაგ ადგილას არის სპეციალურად წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ გაჭიმული ზღუდე, რომლის დანიშნულებაც არის, რომ ნაგავი არ მოხვდეს წყალვარდნილზე და ტურბინები არ გაჭედოს. ეს ნაგავი დიდი პერიოდის განმავლობაშია დაგროვილი. ორი თვის წინ რომ ავედი, მაშინაც იყო. ახლა, ამ წყალვარდნილობის დროს რაც ჩამოიტანა, გააჩერა მანდ. შეიძლება იყოს როგორც მორი, ასევე მთლიანი ხე, მოსახლეობის ნარჩენები გადაყრილი და უბრალოდ ნაგავიც. არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის რეალიზაციასთან” – ამბობს როდონაია.

ცნობისთვის, დღეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, მათი თქმით, უკანონოდ მოჭრილი და სარეალიზაციოდ გამზადებული ხის მასალაა აღბეჭდილი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ბოლო წყალდიდობისას წაიღო.

ტეგები