საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 19:11
საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა

„დაკითხვების დროს გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ახალი გარემოებები, რომლის შესახებაც ჩვენ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შსს-ს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის“,- ამის შესახებ განცხადება, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის დაკითხულია ძალიან ბევრი მოწმე და სწორედ მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქმეზე უკვე არსებობს ახალი გარემოებები

განხორციელებულ დაკითხვებსა და ჩვენებების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე ისაუბრა ირაკლი აბესაძემაც.

აბესაძის თქმით, გამოიკვეთა ახალი ვერსია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული და შსს-მ ის უნდა გადაამოწმოს.

„ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებმაც გამოკვეთა კონკრეტული ვერსია. რაზედაც შსს-სგან რა თქმა უნდა, რომელმაც თვეები დაკარგა, რომ ეს ვერსია უკვე გადამოწმებული ჰქონოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმოს ეს ვერსია,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა კომისიის მუშაობის პროცესში, კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ. დიმიტრი ცქიტიშილის განცხადებით, მათ არ სურთ, რომ შსს-ს მუშაობას ხელი შეუშალონ.

„ვერ დავაკონკრეტებთ ვის მიმართ და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. არსებობს ერთი ვერსია, მტკიცებულებებით დადასტურებული,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ტეგები