ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამორკვევის შესახებ გავრცელებულ განცხადებას შსს გამოეხმაურა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 19:51
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამორკვევის შესახებ გავრცელებულ განცხადებას შსს გამოეხმაურა

საგამოძიებო კომისიის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამორკვევის შესახებ მედია საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ მედია საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამორკვევის შესახებ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. დღემდე უკვე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დამატებით სამი პირი - მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე და არასრულწლოვანი დ.ღ.
პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს. გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა საგამოძიებო კომისიას და შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებით მასალის, მათ შორის მათ მიერ დღეს მედია საშუალებებით გაჟღერებული ინფორმაციის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია.

აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ კომისიასთან თანამშრომლობა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ასევე გადავამოწმოთ ყველა შესაძლო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია“.

ტეგები