მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია 3 არასრულწლოვანს გამოკითხავს
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2018 09:58
მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია 3 არასრულწლოვანს გამოკითხავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს. ცნობილია, რომ იგეგემება ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გამოკითხვაც. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, გამოკითხვის პროცესში ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა. თუმცა, რატიანი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ აკონკრეტებს, თუ რა გარემოებებზეა საუბარი. მისი განმარტებით, ყველა ახალ ინფორმაციას კომისია შესაბამისი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის.

imedinews-ის ცნობით, ახალი გარემოება, რომლის შესახებაც მანამდე ელენე ხოშტარია ლაპარაკობდა, საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, მიხეილ კალანდიას შეეხება, რომლის წინააღმდეგაც მოწმემ ჩვენება მისცა. ზაზა სარალიძემ 3 ივლისს შსს-ს ეზოში ღამე სწორედ მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით გაათენა.

შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქმეზე ახალი გარემოებების გამოკვეთას ეხებოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გამოკითხული ჰყავს.

უწყების ცნობით, დღემდე უკვე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია - მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე და არასრულწლოვანი დ.ღ. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირთა პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოფიციალურ შემაჯამებელ დოკუმენტს მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაქვეყნებს. მუშაობის განმავლობაში კომისიამ ორი რეკომენდაცია უკვე გასცა, აქედან ერთ-ერთი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იყო.

საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტეგები