სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განაჩენი ძალაში დატოვა
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2018 13:40
სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

მოსამართლე მზია ლომთათიძემ სრულად გაიზიარა ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი.

მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას დარბაზში მყოფი მსჯავრდებულების ახლობლების მხრიდან მოსამართლის მიმართ რეპლიკები მოყვა.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდება დაუსაბუთებელია და გაუგებარია, რატომ დაჭირდა სააპელაციო სასამართლოს ოთხი წელი ამ საქმის განხილვა, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უცვლელად ტოვებდა.

აღნიშნული განაჩენით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია რუსთავის ნომერ პირველი დაწესებულების პატიმრების წამებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. გამოძიება ბაჩო ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნასაც ედავებოდა.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ასევე პატიმრების წამების ნაწილში, გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი მეგის ქარდავას მიმართ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულების, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დარჩა. ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას სასჯელის სახით შვიდი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს -11 წლის ვადით.

ტეგები