ეს არ ყოფილა ბედნიერი ბავშვობა...პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა - დემნა გვასალიას ინტერვიუ
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2018 22:16
 ეს არ ყოფილა ბედნიერი ბავშვობა...პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა - დემნა გვასალიას ინტერვიუ

ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიასთან "რადიო თავისუფლებამ" ინტერვიუ ჩაწერა. 

გოგი: გილოცავ ბოლო კოლექციის წარმატებას. საქართველოში ძალიან ბევრს მოფხანე გული, თუმცა ბევრი ასევე ამბობს, რომ ეს იყო შენი ბავშვობის ტრავმა და ამბობენ, რომ კომერციად აქციე ეს ტრავმა. თანახმა ხარ?

დემნა: კომერციად ვაქციე ტრავმა? არ წამიკითხავს. კარგი. პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის. მე მაინცდამაინც არც ვიცოდი, თუ რა რეაქცია მოჰყვა ამ შოუს საქართველოში. საინტერესოა იმის მოსმენა, რომ ზოგი ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს, თუმცა ჩემთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა ტრავმული წარსულის კომერციალიზაცია. სინამდვილეში, ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მახსენდება, როდესაც შემეძლო მეთქვა: მე ამ ქვეყნიდან ვარ, ეს ჩემი წარსულია, ეს ასე მოხდა... ეს არ ყოფილა ყვავილებიანი და პეპლებიანი ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა...
ეს იყო ომი და ნამდვილად ძალიან, ძალიან მძიმე დროება. დღეს კი, პირველად ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, ამაზე ლაპარაკი შემიძლია - არა მხოლოდ გარშემომყოფებთან, არამედ ყველასთან. მე დიდი აუდიტორია მყავს, რომლებიც მისმენენ, აკვირდებიან, რასაც ვაკეთებ. ეს კოლექცია კი იყო ჩემებური გამოხატულება პატივისცემისა ჩემი ფესვებისადმი და იმისადმი, თუ საიდან მოვდივარ - იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი წელია აღარ მიცხოვრია.

ნიკო: მაგრამ შენ თანამედროვე საქართველოც გქონდა ასახული ამ კოლექციაში, არა? „ბასიანის“ მოვლენები, მთელი ეს We dance together… ადევნებთ თვალს საქართველოს ამბებს, თუ... როგორ მოხვდა ეს ყველაფერი მანდ? აი, „ლაშას მამა გარდაიცვალა“, წლევანდელი, შარშანდელი ამბები...
დემნა: კი, რა თქმა უნდა, ვაქცევ ყურადღებას, ვკითხულობ საქართველოს ამბებს...
თავიდანვე, როდესაც ამ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა, ვიცოდი, რომ ეს ძალიან პირადი იქნებოდა და მომიწევდა ჩემი წარსულის ამოქექვა. ამიტომაც დავიწყე ქართული ტელევიზიების ყურება, ქართული ახალი ამბების მოსმენა და ჩემთვის ერთგვარი ატმოსფერო შევიქმენი, თითქოს საქართველოში ვიყავი. ჩემი აზრით, რაც მოხდა ამ ახალგაზრდულ მოძრაობასთან დაკავშირებით, „ბასიანთან“ დაკავშირებით, ისეთი რამაა, რაც ყველგან ხდება დღეს მსოფლიოში და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია. ასე რომ, ამაზეც მინდოდა ლაპარაკი. ესეც შემადგენელი ნაწილია იმისა, რაც დღეს იქ ხდება. შეიძლება მე იქ არ ვიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემთვის აქვს მნიშვნელობა.

გოგი: არამარტო ამ ბოლო კოლექციაზე ვკითხულობ. ზოგადად, რა ადგილს იკავებს შენს შემოქმედებაში საქართველო? იცი, ალბათ, რამდენი თაყვანისმცემელი გყავს საქართველოში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის.

დემნა: მე საქართველოში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 20 წლამდე. ასე რომ, საქართველო ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი იყო და ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზეც. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში ცოტათი საქართველოცაა.
ესაა, რაც ვარ, რაც ვისწავლე, რაც მომწონდა... როდესაც ვიზრდებოდი, ვუყურებდი, რა ეცვათ ქალებს ჩემს გარშემო... ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ამიტომაც შემდეგ ეს ჩანს ყველაფერში, რასაც ვაკეთებ.

გოგი: მაგრამ შენს ბოლო კოლექციაში „ცოტა“ აღარაა საქართველო. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველოს უახლესი ისტორიაა, გამოხატული ტანსაცმელში. უაღრესად საინტერესოა, როგორ აირეკლება 90-იანი წლები მოდაში... ოღონდაც არა როგორც „რეტრო“, არა როგორც წარსულის ნოსტალგია, არამედ 90-იანი წლები „დღევანდელი მზერით“.

დემნა: ბოლო ჩვენება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ყველაფერს ისე მივუდექი, თითქოს კინოს ვიღებდი და არა ჩვენებას ვდგამდი, სადაც, ხომ იცით, ბევრ სხვადასხვა ლამაზ ტანსაცმელს გაამზადებ და მერე კოლექციას შეაგროვებ და შემდეგ ფეშენ შოუს დადგამ.
აქამდე ასე ვაკეთებდი. ახლა კი, პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უფრო პირადი იქნებოდა.ყველა სილუეტი, პირველი ლუქიდან დაწყებული, ბოლო ლუქით დამთავრებული, იყო პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის ვიღაც კონკრეტულს წარმოადგენდა.
ამ ყველაფერზე ისე ვიმუშავე, როგორც, ჩემი აზრით, რეჟისორები მუშაობენ ხოლმე მსახიობებთან. ჯერ კიდევ სამი თვის წინ უკვე ზუსტად ვიცოდით, თუ ვის უნდა წარედგინა პირველი ლუქი, ვის - მეორე და ასე შემდეგ... არადა, როგორც წესი, ჩვენებებს ასე არავინ დგამს. ეს ჩემთვის საინტერესო ექსპერიმენტი იყო - დავბრუნებულიყავი წარსულში და მენახა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი მოდის ენაზე გადათარგმნა. საბოლოოდ ხომ მაინც მთავარი მოდაა - Vetements სწორედ მოდას წარმოადგენს და ტანსაცმლის კეთებას. თუმცა ამჯერად ეს ჩემს პირადთან, წარსულთან შევახამე. ამას ვხედავ ასევე, როგორც ერთგვარ თვითანალიზს, თვითგანკურნების ნაწილს... ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე.
აქამდე არასოდეს შემძლებია ჩემი იდენტობის წინ წამოწევა. მე მგონი, პირველად ახლა იყო, რომ ის „მაგიდაზე იდო“, ყველას დასანახად... არა, ეს არ ყოფილა „ჩემი ტრავმის კომერციალიზაცია“. სინამდვილეში, ეს ჩემი ტრავმის მიღება იყო და მისი შემოქმედებად გადაქცევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ყველაზე მნიშნელოვანი, რასაც ხალხი ვერც ამჩნევს. ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა და რაღაც ახალი შეიქმნა. ესაა ყველაზე საოცარი რამ, რისი გაკეთებაც შემოქმედებით ადამიანს შეუძლია.
ნიკო: თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც შენი წარსული აისახა შენს ჩვენებებში, არა? „ჩაკეცილი ინსპექტორები“ იქნებოდა თუ ოთხმოცდაათიანების ტანსაცმლის ესთეტიკა, ეს ხომ ყოველთვის ჩანდა შენთან?

დემნა: ეს იმიტომ, რომ 90-იანებში გავიზარდე. საქართველოს 90-იანებში... ომისშემდგომ საქართველოში... ამის პარალელურად, ვთქვათ, არსებობდა პოსტსაბჭოთა რუსეთიც, რომლის ესთეტიკასაც გოშა რუბჩინსკი ასახავს - თუ რა ხდებოდა მაშინ იქ.. ჰოდა, ჩემი აზრით, ჩემი ოთხმოცდაათიანები მაინც სხვა იყო. ომისშემდგომ საქართველოში მეტი მილიტარიზმი იყო, მეტი შავი ფერი და მეტი დრამატიზმი, ვიდრე სხვაგან.
და შემდეგ ეს ყველაფერი პოდიუმზე აისახა - მთელი ეს ნიღბები, რომლებიც იდენტობის გაქრობას წარმოადგენს, როდესაც არ იცი, ვინ არის სინამდვილეში ეს პიროვნება. ადამიანი იმალება ნიღბის უკან, მაგრამ ის, ამავე დროს, ერთგვარი ფეტიშისტური, სექსუალური ნიღაბიცააა, რომელსაც ადამიანები როლური თამაშებისას იყენებენ. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო კონცეფცია იყო. ჩემი აზრით, საქართველოში ბევრია ასეთი როლური თამაში - ეს ის საქართველოა, სადაც მე გავიზარდე და სადაც, ჩემი აზრით, სწორედ ეს როლური თამაშები აძლევს ფორმას ადამიანების მენტალობასაც. ამიტომ მომინდა ამის სწორედ ასეთი ფორმით წარმოჩენა. სწორედ ასე გაჩნდა ეს ნიღბები - არაფერი ჰქონია საერთო ტერორიზმთან ან რამე ეგეთთან. იდენტობის არქონას წარმოადგენდა.

ნიკო: შენი სულ პირველი ჩვენებებიდან მოყოლებული ისმოდა ასეთი რეაქცია, - მე უფრო ქართულ „ფეისბუკზე“ მხვდებოდა, მაგრამ, ალბათ, სხვაგანაც ამბობდნენ, - რომ „ეს მოდა არ არის“ და რომ „დემნა ტროლავს ევროპელებს“. ამაზე რას ფიქრობთ?
დემნა: ჰა-ჰა! მომწონს, რომ ხალხს თავიდანვე რეაქცია ჰქონდა ამაზე. ჩემი აზრით, სასაცილოცაა. არ ვიცი, თავად მე არავის „ტროლვა“ მსიამოვნებს, არც ის მიყვარს, როცა „მტროლავენ“. მთელი ჩემი ცხოვრება თავად ვიყავი ბულინგის სამიზნე, მაგრამ მე თვითონ არასოდეს არავინ „დამიტროლავს“. ასე რომ, მსგავსი კომენტარები, ჩემი აზრით, სრულიად არასწორია.

გოგი: ბოლო კოლექციის წარდგენისას კასტინგსაც სხვანაირი ყურადღება დაუთმე, არა?

დემნა: ეს განსაკუთრებული ჩვენება იყო ამ კუთხით, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოზე იქნებოდა და, შესაბამისად, ქართველები დაგვჭირდებოდნენ. რა თქმა უნდა, ქართველების ნახვა ციურიხში არცთუ ისე მარტივი საქმეა - ბევრნი არ არიან. ამიტომ კასტინგი თბილისში უნდა ჩაგვეტარებინა. ჩემი დიზაინის გუნდიდან სამნი მივავლინეთ თბილისში ერთი კვირით.
მათ უამრავი ადამიანი ნახეს და ასევე ბევრი ნივთიც ჩამოიტანეს კოლექციის კვლევისთვის - ნაჭრები, კიდევ ბევრი ტრადიციული რაღაცები, რაც მერე ჩვენებისთვის არ გამოგვიყენებია, მაგრამ საქართველოს ერთგვარი ნაწილის როლი შეასრულეს. კასტინგზე ვნახეთ ბევრი ისეთი ახალგაზრდა, ვისთანაც ჩემი თავის იდენტიფიცირება მოვახდინე - ვიზუალურადაც და ისედაც - როგორები იყვნენ, როგორ ლაპარაკობდნენ... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კოლექცია სწორედ მათ წარადგინეს.
მათ დიდ ნაწილში მართლა ჩემი თავი დავინახე - მაშინ, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი და მერეც, როდესაც ევროპაში წავედი, როცა ოცი წლის ან ცოტა მეტის ვიყავი... მეც ისეთივე წარმომიდგენია მაშინდელი ჩემი თავი, როგორიც ეს ახალგაზრდები არიან, ვინც ჩემი ჩვენება წარადგინეს. ასეთი რამე პირველად გავაკეთეთ, მაგრამ ბოლო ნამდვილად არ იქნება. მსგავს კასტინგებს მომავალში კიდევ გავაკეთებთ.
გოგი: ხალხი ითხოვს შენს მაისურებს, ამავე დროს, სადღაც წავიკითხე, რომ კომერცია არ გიზიდავს და შენთვის შემოქმედებაა მთავარი. გამოდის, რომ მაინც კომერციული აღმოჩნდა ეს შენი ბოლო კოლექცია. თანახმა ხარ? მოგწონს ეს ამბავი?

დემნა: მე ვამბობ, რომ კომერცია არ მაინტერესებს? არა. მოდის ბიზნესში ვარ და ფული ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ხომ მარტო ხელოვნებისთვის არ ვაკეთებ. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, პროდუქტია - პროდუქტი, რომლის ყიდვაც, იმედია, ვინმეს მოუნდება.
არა აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველოზეა, ჩემს სიყვარულზეა თუ დედაჩემზეა, საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც პროდუქტია. პროდუქტი კი კომერციაა. სწორედ ესაა მთავარი დამაკავშირებელი ხაზი. რა ვქნა, მე დიზაინერი ვარ და არა მოქანდაკე, რომელსაც შეუძლია სკულპტურა დადგას პარკში. მე მაისურებს ვაკეთებ, კაბებს ვაკეთებ, ბევრ რამეს ვაკეთებ და ეს ყველაფერი არის პროდუქტი. შესაბამისად, ცხადია, კომერციული ინტერესიც მაქვს. სხვათა შორის, ეს კოლექციაც კომერციული აღმოჩნდა. სწორედ დღეს ვნახე, თუ რა გაიყიდა ამ კოლექციიდან და ბევრი გაიყიდა - გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ვყიდი ხოლმე. ეს ჩემთვის სწორედ იმის საზომია, თუ რამდენად კომერციულია ეს კოლექცია და, შესაბამისად, რამდენად წარმატებული, ჩემი აზრით.

ნიკო: მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ტოვებდი შთაბეჭდილებას, რომ შენი წესებით თამაშობდი - როდესაც, ვთქვათ „ლუი ვიტონი“ დატოვე, ან როდესაც გადაწყვიტე, რომ ჩვენებები ისე არ გაგეკეთებინა, როგორც „კეთდება ხოლმე“. ამას, ალბათ, კომერციული ასპექტიც ახლავს თან, მაგრამ ისე ჩანს, რომ მაინც შენი გზით ცდილობ ხოლმე სვლას და არ აქცევ ყურადღებას, თუ „როგორია წესი“.

დემნა: ეს, ალბათ, ჩემი წარსულის დამსახურებაცაა. თუ მოვუბრუნდებით იმას, სად გავიზარდე, ომში... 12-ის ვიყავი, როდესაც ყველაფერი წაგვერთვა და ცხოვრება ნულიდან უნდა დაგვეწყო. ჩემი აზრით, ეს სხვანაირ ადამიანად გაქცევს - როდესაც მსგავსი ომი გაქვს გამოვლილი, ცხოვრებაშიც უფრო სწრაფად მოძრაობ, რისკებზეც უფრო ადვილად მიდიხარ და გადაწყვეტილებებსაც უფრო მარტივად იღებ. მე მგონი, ამან ჩემს ძმაზეც მოახდინა გავლენა და ამიტომაცაა, რომ ერთად ვმუშაობთ. ამიტომაც მივიღე ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღე - დავტოვე სამსახური, სადაც თავს კომფორტულად ვგრძობდი და ბრმად დავიწყე ახალი საქმის კეთება - Vetements შევქმენი. მართალია, ეს რისკიანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თან ჩემს გრძნობებსაც მივენდე. ვიცოდი, რომ რასაც ვაკეთებდი, სწორი იყო, რადგან მანამდე არ ვიყავი კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთბდი. ისიც ვიცოდი, რომ მე თუ არა ვარ კმაყოფილი, მაშინ არაფერი გამოვა.
საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მაინც ძალიან მარტივად მოხდა. იმის თქმას ვცდილობ, რომ ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბევრი შეიძლება ანტიგადაწყვეტილებებად აღიქვამდეს ან მეამბოხე ნაბიჯებად, ჩემთვის და Vetements-ისთვის ეს ბუნებრივად მოხდა. ეს სხვისი წესების წინააღმდეგ ქმედება კი არ იყო, არამედ იმის დანახვა, თუ რა წესები გვქონდა თავად.

ნიკო: და რა მომენტში მიხვდი, რომ შეგეძლო შენი წესები დაგესახა? თუ გავითვალისწინებთ შენს წარსულს, იმას, რომ უკვე 20-ის იყავი, აქედან რომ წახვედი, არც „ზურგი“ გქონდა და არც „პატრონი გყავდა“... როდის იყო, რომ იფიქრე: „ხალხს მოვწონვარ. შემიძლია ჩემით ვაკეთო“.

დემნა: ჯერ ერთი, მოდის ხალხს არასოდეს მოვწონებივარ. დღემდე არ მოვწონვარ - არ ვიცი, რატომ. მართლაც, „ზურგი“ არასოდეს მყოლია - ამას ორასპროცენტიანი დარწმუნებით გეუბნებით. ჩემი მხარდამჭერები, იცით, ვინ იყვნენ, დაწყებული იმ დროიდან, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი და ახალი გაცნობიერებული მქონდა, რომ მოდას მინდოდა გავყოლოდი? - ის ხალხი, ვისაც ჩემი შექმნილის ჩაცმა უნდოდა - ან იმის, რაც მე მეცვა, ან გადაკეთებული მქონდა, ან მთლიანად ჩემი შეკერილი იყო.
ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, რომ ტანსაცმელი მეკეთებინა. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არსებობს ხალხი, ვისაც ჩემი ტანსაცმელი უნდა. დარწმუნებული ვიყავი ამაში. ძირითადად, ამის გამოა, რომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ.

გოგი: წამიკითხავს, რომ სოციოლოგებთან და ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობდი ამ კოლექციის მოსამზადებლად. მართალია?

დემნა: ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც Vetements დავიწყეთ. რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვმუშაობდით ახალგაზრდა სოციოლოგთან, რომელიც სწორედ ამ დროს კოლეჯისთვის ნაშრომს ამზადებდა - თუ რომელ ქვეყანაში ადამიანებს რა აცვიათ, როგორ იცვლება ეს ასაკთან ერთად და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ იცვამს ხალხი - ძირითადად დასავლეთ ევროპაში. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო - იმის ცოდნა, თუ სტრატეგიულად როგორ შეიძლება კოლექციის აწყობა, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბაზრის მოთხოვნა დაფარო. ეს, ჩემი აზრით, ძალიან საჭირო ინფორმაციაა კოლექციის მოსამზადებლად. თუმცა ახლა ამას აღარ ვაკეთებ. ეს ხომ ხშირად არ იცვლება. ტენდენციები ყველა ქვეყანაში დიდხანს ნარჩუნდება.

გოგი: ბევრი ამბობს, რომ მოდის სამყარო მაინც ისეთი რამეა, სადაც ბევრ რამეს სტატუსი წყვეტს. რას ეტყვი იმ ხალხს, ვისაც უნდა, რომ დიზაინერი გახდეს? რა უნდა გააკეთოს? მართლა სტატუსია მთავარი? და როგორ უნდა მოიპოვოს სტატუსი?

დემნა: რას ნიშნავს სტატუსი? დღეს იმდენად კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, იმდენი დიზაინერია უკვე, იმდენი ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში და ჩვენს გარშემო, რომ ერთადერთი გზა ამ ინდუსტრიაში რამის მისაღწევად რაღაც შენის გაკეთებაა - ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ვინმეს მოუნდება. თუ ამის გაკეთება შეგიძლია და, თან, განსხვავებულად, მაშინ - კი.
სხვა შემთვევაში - ბედმა უნდა გაგიღიმოს. წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავ. თან, ეს ძალიან მძიმე ინდუსტრიაა. გულწრფელად რომ გითხრათ, შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი ამ გზას გაჰყოლოდა. მძიმეა, უსამართლოა და შენი საქმე მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს.

ნიკო: ბოლოს Vetements -ზე და Balenciaga-ზე მინდა გკითხო. გამოდის, რომ ორი სამსახური გაქვს, ხო? როგორ აბალანსებ ამას?

დემნა: კი, ნამდვილად ორი სამსახური მაქვს. სწორედაც ეგრე ვგრძნობ თავს. სულ დაკავებული ვარ ხოლმე. კვირაში ხუთ დღეს ვმუშაობ, ხშირად ძალიან გვიანობამდე და სხვა არაფრისთვის დრო თითქმის აღარ მრჩება. შაბათ-კვირას ვცდილობ არ ვიმუშაო და ჩემთვის მქონდეს, მაგრამ, სხვა მხრივ, ყოველი დღე ძალიან დაკავებულია. დრო გაყოფილი მაქვს - ზოგჯერ Balenciaga-ში ვარ, სხვა დროს Vetements -ში და ჩართვა-გამორთვასავითაა: ერთგან რომ ვარ, მეორეს ვივიწყებ და - პირიქით. სხვათა შორის, შემოქმედების მხრივ ეს ძალიან მეხმარება - ცოტა ხნის განმავლობაში ერთისგან დისტანცირებას ახდენს და მერე, როდესაც უბრუნდები, ახალი თვალით ხედავ. ამის საშუალება კი არასდროს გაქვს, როდესაც სულ ერთ ხალხთან მუშაობ ერთ კოლექციაზე ერთი ბრენდისთვის.

ტეგები