"ილია მეორე ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას" - ზურა ჯაფარიძე
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 19:11
"ილია მეორე ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას" - ზურა ჯაფარიძე

პარტის „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ქადაგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ უწმინდესი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს.

"საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი - ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირს-თქო

რამდენიმემ მომწერა - ეგ რა შუაშიაო

მთავარი განსხვავება 'საბჭოთა კავშირსა' და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს

თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს - თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე

'საბჭოთა კავშირი' ნიშნავდა სისტემას რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ ძლიერთა ამა ქვეყნისა, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ

იმ დაშვებიდან რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა - ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად

ეს იყო საბჭოთა კავშირი

ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი - ამ გადაწყვეტილებით ითქვა რომ ადამიანი თავისუფალია აკეთოს რაც უნდა ის თუ სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს

და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს

ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო

აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო

ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას

ის ფიქრობს რო მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი

ის ფიქრობს რომ მან უნდა 'დაგრთოთ ნება' ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს

ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას

ის სრულად განასახიერებს იმას რაც იყო საბჭოთა კავშირი", წერს ჯაფარიძე ფეისბუქ გვერდზე.

დღეს საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.

ტეგები