დღეს მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 10:16
დღეს მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 14:00 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მცხეთის სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

საქმეზე პირველი სხდომა 15 ივნისს ჩატარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების, ალიკ ტ.-სა და დავით გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
 

ტეგები