მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან - მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 11:28
მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან,რაც იქნება ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს ურთიერთობის ნორმალიზება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„10 წლის უკან რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფობრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა. ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. რუსული აგრესია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, ათობით ათასი დევნილი, მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც საქართველო დგას მტკიცედ, არის გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნის და ერის ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო - ჩვენი პასუხი ამ აგრესიასა და გამოწვევაზე არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. მშვიდობას არაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში. მე ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, მათ შორის იმ ოჯახებთან, ვინ თავისი შვილები, ძმები, დები მშობლები, მეგობრები დაკარგეს და მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - განწყობა არის ერთი, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, უკვე დაწყებულია რამდენიმე მნიშვნელოცვანი პროგრამის განხორციელება და ამ პროგრამებს აუცილებლად მიიყვანს მთავრობა ბოლომდე.

პრემიერის განცხადებით, 7 აგვისტოს საქართველოს ეწვივნენ ლიეტუვის, ლატვიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი. მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა კონფერენცია მათი მონაწილეობით.

„ჩვენმა ყველა მეგობარმა ქვეყანამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ მკაფიო განცხადება გააკეთეს ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და იმ ფასეულობების მხარდასაჭერად, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მე მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მათ ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვაჩვენეს. მოვისმინეთ ასევე განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, რომ აღდგეს ურთიერთობები, ბევრი სხვა ტიპის განცხადება მოვისმინეთ - ამაზე ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი. 2008 წელს მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მსურს მოვუწოდო რუსეთს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ურთიერთობის ნორმალიზება“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები