ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა - პრემიერი
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 11:33
ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. ამის შესახებ პრემიერმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება.

მისი თქმით, როგორც მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა დაცული იქნეს უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე – მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.

„ამასთანავე, იუსტიცის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართა.

ტეგები