დადიანის N34-ში მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 14:24
დადიანის N34-ში მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

მერიის ცნობით, შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალური ნიმუშია. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი ავთენტური სახით შენარჩუნდა; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 341 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების შედეგად, დადიანის N34-ში 5 ოჯახი ცხოვრობს.

ტეგები