ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მოღვაწე ქართველი მეცნიერების წარმატებას დღეს უკვე იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პერსპექტივა ემატება - მარიამ ჯაში
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 14:48
ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მოღვაწე ქართველი მეცნიერების წარმატებას დღეს უკვე იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პერსპექტივა ემატება - მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორს, COMET ექსპერიმენტის მენეჯერს, სატოში მიხარას, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მინამი იამაზაკი-ონოს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ქართველი ფიზიკოსები ზვიად წამალაიძე და დავით ლომიძე.

იაპონელი მეცნიერები სამუშაო ვიზიტად იმყოფებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იაპონიის ორი უდიდესი სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციის - KEK -ისა და იაპონიის ატომური ენერგიის სააგენტოს - JAEA -ს მიერ 2002-2010 წლებში შეიქმნა იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრი - JPARC, რომლის ექსპერიმენტებშიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და ინჟინრები.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების (MoU) დეტალური განხილვა და ხელმოწერის დროის განსაზღვრა.

ასევე, დეტალურად განიხილება KEK-სა და სტუს-ს შორის (GTU – KEK_SOKENDAI) ორმაგი ხარისხის მინიჭების შესახებ მემორანდუმის გაფორმება. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, იაპონიის მხრიდან უკვე არის პრინციპული თანხმობა ამ მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ.

„ტექნიკურ უნივერსიტეტს და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას აქვთ მზაობა, ერთად იმუშაონ უახლოესი ტიპის COMET ექსპერიმენტის უდიდესი სუბდეტექტორის კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) შექმნაში, რომელიც არის მთელი ექსპერიმენტული პროგრამის უმაღლესი პრიორიტეტული ამოცანა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ COMET კოლაბორაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფს დააკისრა CRV დეტექტორების კოორდინაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის კვალიფიკაციის აღიარებაზე მიუთითებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას აქვთ გეგმები გააღრმავონ თანამშრომლობა არა მარტო COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, არამედ ფუნდამენტური და გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებებით, რომელიც რეალიზდება იაპონიის უდიდეს სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციის მიერ იაპონიის უდიდესი ამაჩქარებლების კომპლექსზე.

„უაღერსად სასიხარულო და საამაყოა ქართველი მეცნიერების წარმატებები. ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ცნობილია ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში - ცერნში მოღვაწე ქართველი მეცნიერების წარმატება. ამ წარმატებას დღეს უკვე ემატება იაპონიასთან თანამშრომლობის პერსპექტივა“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ტეგები