თუშეთში „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 16:39
თუშეთში „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა

თუშეთში, სოფელ შენაქოს გზაზე კომპანია „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა. ინფორმაციას „რეგინფო“ ავრცელებს.

ადგილობრივებმა ინფორმაციით, მანქანის გადავარდნის შედეგად საწვავის ნაწილი დაიღვარა, თუმცა დიზელი მდინარეში არ ჩაღვრილა.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის განცხადებით, შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. „ძლიერი წვიმის გამო მძღოლს მანქანა სავარაუდოდ მოუცურდა და გადავარდა. საბედნიეროდ მძღოლიც გადარჩა და არც საწვავი დაღვრილა დიდი რაოდენობით. 8 ტონიანი საწვავმზიდია, ნახევრად იყო სავსე. „ბილაინის“ ანძისკენ მიდიოდა, რომ სადგური საწვავით შეევსო. მანქანა დაზიანდა“, - აღნიშნა ლადო კახოიძემ.

თუშეთში 2 დღეა ძლიერად წვიმს. გუშინ საღამოს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაც ჩაიკეტა. სოფელ ხისომდე ,მეწყერის ძირში წარმოქმნილ ტბაში წყალმა დაახლოებით 2 მეტრით აიწია და ხელოვნური მიწაყრილებით აშენებული გზა მთლიანად დაფარა. მეწყერი ჩამოწვა ფშაველიდან აბანოს უღელტეხილამდე რამდენიმე ადგილასაც. მთელი ღამის განმავლობაში თუშეთის გზაზე იყო ჩარჩენილი 10-ზე მეტი მანქანა. უღელტეხილს ქვემოთ გაჩერებულ მანქანებში მყოფი ბავშვები და ქალები სამხევში, რეინჯერთა სახლში დააბინავეს.

გზა დღეს დილით გაიხსნა, თუმცა თუშეთში ახლაც გადაუღებლად წვიმს და დიდი ალბათობით მოძრაობა ისევ ჩაიკეტება.