კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 21:19
კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დავით კაკაბაძე დაინიშნა. მედიააკადემიის დაფუძნება ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. დავით კაკაბაძე 13 წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობდა მიუნხენსა და პრაღაში.  

კაკაბაძე „რადიო თავისუფლებაში“ 1993 წლიდან 2018 წლის მარტამდე მუშაობდა.  გარდა ამისა, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს ხელმძღვანელობდა.

დავით კაკაბაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. დავით კაკაბაძე ასევე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო წლებში გერმანულიდან და ჩეხურიდან დავით კაკაბაძის მიერ ნათარგმნი რამდენიმე წიგნი გამოიცა.   

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მედია წიგნიერების განვითარებისა  და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ერონვულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაეკისრა.