პრემიერ-მინისტრი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 13:26
პრემიერ-მინისტრი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2018 წლის ბოლოს დასრულდება, - განხორციელებული და მიმდინარე სამუშაო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის მერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას და კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები და მიმდინარეობს ფასადების, მხატვრული დეტალების აღდგენა-რესტავრაცია, შენობების გადახურვების რეაბილიტაცია და ა.შ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარლებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 55-60 მილიონ ლარამდეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება, მოწესრიგდება და განახლდება ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას მუშთაიდის ბაღიდან - დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით - თავისუფლების მოედნისკენ.

ტეგები