მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 17:42
მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალაექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.

მისივე თქმით, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმითის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. ექსპერტიზის ჩატარება საქმის პროკურორმა მოითხოვა.

მას სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში დღევე გადაიყვანენ.

21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.