ტრაპიზონში ავარიისას დაშავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 18:54
ტრაპიზონში ავარიისას დაშავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის საავადმოყოფოებში დღეს, დილით მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი პირი რჩება.

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 40 წლის ქალს აღენიშნებოდა მოტეხილობები და მუცლის შიდა ტრავმა. ამ დროისათვის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ავარიის შედეგად დაზარალებულ ცოლ-ქმარს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ ასევე სხეულისა და სახის მიდამოებში დაჟეჟილობები და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. 46 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„დაზარალებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. მუდმივ კავშირზე ვართ მედპერსონალთან“, – განაცხადა ავთანდილ მიქაცაძემ.

თურქეთში, ტრაპიზონში მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში გამთენიისას მოყვა. ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.