ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის - შოთა შალელაშვილი
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 10:55
ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის - შოთა შალელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი აფხაზეთში 1992 წელს მომხდარ კონფლიქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთობილი ვმოქმდედებაა საჭირო აფხაზებსა და ქართველებს, ასევე ოსებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად.

"აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს სხვა სახელმწიფოს მიერ ინსპირირებული, პროვოკაციული დაძაბულობა ომში გადაიზარდა. 403-დღიან დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი
შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა.

სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, თუმცა ქართველების და აფხაზების ძმობამ, ურთიერთობამ და პატივისცემამ ბევრ გამოწვევას და დაბრკოლებას გაუძლო და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ისევ
აღდგება, ამ ძირძველ მიწაზე აუცილებლად დაბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და აფხაზები და ქართველები ისევ ერთად გააგრძელებენ თანაცხოვრებას.

აფხაზეთი დღეს თავად აფხაზების გარეშეცაა დარჩენილი, ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს რეალურ ვადებში, რისთვისაც აუცილებელია აფხაზებისთვის გონივრული წინადადებების შეთავაზება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ყველა მხარესთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, რათა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შევძლოთ ჩვენ თანამემამულეებთან აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მყარი ნიადაგის შექმნა, მუდმივ რეჟიმში უნდა ვესაუბროთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.

ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. ნდობა აუცილებლად დაბრუნდება, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ეს ის ისტორიული კანონზომიერებაა, რომლის შეცვლასაც უსასრულოდ
ვერავითარი მესამე მხარე თუ მესამე ძალა ვერ შეძლებს",-  აცხადებს დეპუტატი.

ტეგები