საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ - შამბა
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 00:11
საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ - შამბა

“საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე”,  – ამბობს სერგეი შამბა,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დეპუტატი “ეხო მოსკვისთან” ვრცელ ინტერვიუში, სადაც ის წლების წინ საქართველოს ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებებზე, 2008 წლის ომზე და დიალოგის საჭიროებებზე საუბრობს.

“ქართველები მტრად არ მიმაჩნია. საქართველოში მეგობრები მყავს. კი, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო.

შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, რაღაცნაირად, დიალოგი დავიწყოთ და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ჩვენი მეზობლობა ბედისწერით არის განსაზღვრული. არა მხოლოდ ჩვენ საქართველოსთან – ევროპელებიც ოდესღაც ეომებოდნენ ერთმანეთს. თუმცა შემდეგ გადის დრო, საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა შეიძლება საქართველოსთანაც ასეთი დიალოგის დაწყება”, – ამბობს შამბა.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ის საქართველოს ხელისუფლებებთან უშედეგო მოლაპარაკებებზეც საუბრობს:

“ჩვენ მაინც ვიმედოვნებდით, რომ შევძლებდით საქართველოსთან მოლაპარაკებას. ვიმედოვნებდით, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმებზე მოვილაპარაკებდით. ფედერაციულ ურთიერთობებზე ვიყავით მზად. მოლაპარაკებების პროცესში იყო კონფედერაციის ვარიანტიც. ასევე, ევგენი პრიმაკოვის შუამდგომლობით განვიხილავდით ვარიანტს “ერთობლივი სახელმწიფო”. ძალიან ახლოს ვიყავით ხელმოწერასთან, თუმცა, ყველა პროექტზე უარს ამბობდნენ ქართველები. ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე თუ გვექნება საუბარი”.

 

 

წყარო