მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია 14 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 15:38
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია 14 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა

2018 წლის იანვრიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში 14 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან შვიდ მინი სტადიონზე ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა.

ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„აღნიშნულ მისამართზე ასფალტისსაფარიანი ფეხბურთის მინი სტადიონი იყო და ბავშვებს ძალიან უჭირდათ თამაში. ახლა კეთილმოწყობილია მოედანი და ახალგაზრდები მთელი დღის განმვალობაში დაკავებულები არიან სხვადასხვა სპორტული აქტივობით. გამგეობა მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო მეტი სპორტული სივრცე მოწესრიგდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, 540 კვ.მ ფართობზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, შეიცვალა ბადე, რომლითაც შემოფარგლულია მოედანი, დამონტაჟდა ახალი ფეხბურთის კარები და სკამები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 64 000 ლარი შეადგინა.

უახლოეს პერიოდში ზღვის უბანში კიდევ ერთი მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყება. სულ 15 სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 317 000 ლარი გამოიყოფა.

 

ტეგები