"ყაზბეგი, დარიალი და თრუსოს ხეობები შესაძლოა მცოცავი ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდნენ..." - კონსტანტინე გამსახურდია
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 21:12
"ყაზბეგი, დარიალი და თრუსოს ხეობები შესაძლოა  მცოცავი ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდნენ..." - კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ ვწერდი იმ საფრთხეზე, რაც შესაძლოა დაემუქროს ყაზბეგს, დარიალის და თრუსოს ხეობებს და შესაძლოა აღმოჩნდნენ მცოცავი ოკუპაციის ზონაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ვიღაცეებმა ამერიკის გინება დაიწყეს. თითქოს გენერალი ნორმან შვარცკოფი (დიდი ხნის პენსიონერი) და გენერალი პეტრეუსი (გადამდგარი) უკვე დგანან 300 000-იანი ჯარით ვლადიკავკასში და ეს-ესაა შემოვარდებიან დარიალის ხეობაში ქართველობის, მართლმადიდებლობის და ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის წასართმევად, ანტიქრისტეს გასამეფებლად.

ახლახანს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი დამტკიცდა - ესაა 719 მილიარდი დოლარი. აქამდე უპრეცედენტო თანხა. რაში ესაჭიროება ეს?

1) ესაჭიროება იმ თავისუფლების, თანასწორობის და კეთილდღეობის დასაცავად, რითიც მისი 300 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. იგულისხმება ქვეყანა, სადაც იქმნება მთელი მსოფლიო დოვლათის თითქმის მეოთხედი; სადაც იქმნება ტექნოლოგიების უმრავლესობა, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის მონაპოვარია;

2) ესაჭიროება თავისი მოკავშირეების დასაცავად: ევროპის ქვეყნების გარდა ესენია სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი, ზელანდია, იაპონია, ტაივანი. ამავე დროს ეს არის შემაკავებელი ფაქტორი ისეთ ქვეყნებში, სადაც ყოველ წუთს შეიძლება გაძლიერდეს რუსული, ანუ ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან და სამხედრო უწყებასთან კავშირში მყოფი ძალის ინვაზია - და ეს ქვეყნებია საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

და რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი ვის იცავს? ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ იგი იცავს საკუთარი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის ოლიგარქიულ და ოლიგოკრატიულ მმართველობას, გაზპრომის ვერტიკალს; ვინმე დერიპასკოს მსგავსად სახელმწიფოს სახსრებით გამდიდრებულ ფუნქციონერებს; იცავს GRU-ს ტერორისტებს, რომლებიც არასასურველ პირებს მომწამვლელი გაზით და პოლონიუმით უსწორდებიან თვით სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე; იცავს თავის მოკავშირეებს, ასადის რეჟიმს სირიაში, ვენესუელას, ზიმბაბვეს, ჩრდილოეთ კორეას, ფავორში ყავს ირანი და შესაძლოა ასეთ მდგომარეობაში თვით ერდოღანის მოძალადე, თაღლითური და სახელმწიფო დონეზე მძევლების ამყვანი რეჟიმიც აღმოჩნდეს, კვებავს თვითგამოცხადებულ, მარიონეტულ და პარაზიტულ რეჟიმებს საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში.

კი მაგრამ, იკითხავს მავანი, დასავლეთს საერთოდ არა აქვს ნაკლოვანება? ცხადია აქვს და საკმაოდ ბევრიც. მაგრამ მასთან, ვინც ამ ელემენტარულ განსხვავებებს ვერ ამჩნევს, სრული უაზრობა იქნება ამ ნაკლოვანებებზე და მათი გამოსწორების გზებზე საუბარი.

არადა მიმაჩნია, რომ რასაც აქ ვწერ, მაინც ანაბანა და "ნუცას სკოლაა." მაგრამ რა გაეწყობა", - წერს ფეისბუქ გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

ტეგები