ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობს
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 13:15
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა განხილვაში ჩართული იყვნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა მონაწილე მხარეეების მიერ მომზადებული, ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ერთმანეთისთვის გაზიარება იყო.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს კანონში „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ , საქართველოს პატიმრობის კოდექსში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ წარმოადგინა მათ მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის პროექტი.


პრეზენტაციების შემდეგ სამუშაო ჯგუფმა დისკუსიის ფორმატში განიხილა შემოთავაზებული ვერსიები. კომიტეტის თამვჯდომარემ თავის სიტყვაში საკანომდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობამ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს მიაღწია. უამრავი ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები ყოველდღიურად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად ამ კუთხით გადადგმული ბევრი ნაბიჯისა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, კვლავ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებით ვცდილობთ შევქმნათ მყარი გარანტიები ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა უფლებების გასაზრდელად."- აღნიშნა სოფო კილაძემ.



მომავალში დაგეგმილია დიალოგის გაგრძელება გაფართოებული მასშტაბით, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

ტეგები