ახმეტის სამ სოფელში ყურძნის მოსავალი სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 11:40
ახმეტის სამ სოფელში ყურძნის მოსავალი სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა

კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყნებულ ზარალს ითვლიან. ახმეტისა და თელავის რამდენიმე სოფელში ამ დროისთვის სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც ზარალს დაითვლის. სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის რადენიმე სოფელში თითქმის სრულად არის განადგურებული ყურძნის მოსავალი. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშივლის ინფორმაციით, კერძოდ, საუბარია სოფლებზე ქისტაური, ახშანი და მატანი.

„ძალიან ძლიერი სტიქია იყო. ძირითადად ყურძნის მოსავალია განადგურებული. ქალაქში მნიშვნელოვანი ზიანი არ არის, მაგრამ არის ჩამოტეხილი ხეები და ამოსაქაჩია წყალი. ახლა ადგილზე ვადგენთ, კონკრეტულად რა ვითარებაა. შემდგომი ნაბიჯები მას შემდეგ გადაიდგმება, რაც დაზუსტებულ ინფორმაციას მივიღებთ ზარალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის თქმით, სტიქიას თავად მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა ძლიერი სეტყვამ რამდენიმე სახლის პირველი სართული დააზიანა.

რაც შეეხება თელავში არსებულ ვითარებას, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა უკვე დაწყებულია. თელავში გზის გასაწმენდად დილიდან მობილიზებულია ტექნიკა.

თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საღამომდე დასრულდება.

„გზების გარდა, პრობლემა შეექმნა რამდენიმე ხიდსაც, საქმის კურსშია ცენტრალური ხელისუფლება და ყველაფერს მიექცევა ყურადღება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.

ტეგები