სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ქალაქ ახალციხეში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 16:42
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ქალაქ ახალციხეში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ქალაქ ახალციხეში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

„საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიარეთ და მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია აღნიშნულმა სახალხო განხილვებმა, მე იმედი მაქვს რომ ახალციხეშიც საკმაოდ დიდი დაინტერესება იქნება. ეს საჯარო განხილვები დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. თუ გადავავლებთ თვალს, მაღალი მიღწევების სპორტში საკმაოდ დიდი წარმატებები გვაქვს, მათ შორის ამ რეგიონიდან და ამ მხრივ ჩვენ არ გვიჭირს, თუმცა დღევანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ჩვენი მოქალაქეების ჩართულება სპორტში საკმაოდ დაბალია. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ მაღალი მიღწევები და პროფესიული სპორტი არაა. ესაა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. მინდა რომ სპორტს ცოტა სხვანაირად შევხედოთ და ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და ჩვენ თვითონ ვიყოთ მაგალითები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისათვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კანონის პროექტზე დამსწრე საზოგადოებას ძირითადი მიმართულებები და ახალი მიდგომები სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა გააცნო. პრეზენტაციის შემდგომ საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დამსწრე საზოგადოებას სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მოკლე ანგარიში წარუდგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომლებიც ამ ეტაპზე სამინისტროში მიმდინარეობს და თავის მხრივ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რეგიონის მოსახლეობას სპორტული ინფრასტრუქტურისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე, ქალაქ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღნიშნული საჯარო განხილვები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ბრიტანეთის მთავრობის (UKAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ტეგები