კოჯორში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 17:21
კოჯორში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით, კოჯორში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მოქმედი აბსოლუტური ფალავნის გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, გამგეობისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლა ექვსი წონითი კატეგორიის ფალავნებს შორის გაიმართა, რის შედეგადაც საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

ტურნირში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში საჩხერელმა ონისე ბუღაძემ გაიმარჯვა, რომელიც ჭიდაობის სიმბოლოდ აღიარებული ყოჩით დაჯილდოვდა. საჭიდაო არენასთან, ასევე, მოწყობილი იყო გასართობი სივრცე, სადაც ტურნირის დაწყებამდე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ელექტრონული მუსიკისთვის მოესმინათ. ტურნირის მიმდინარეობისას კი, სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები დოლისა და ზურნის თანხლებით „საჭიდაო“ კომპოზიციებს ასრულებდნენ.

ქართული ჭიდაობის წარმოშობა უძველეს ხანას უკავშირდება და მას თავდაპირველად საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად თბილისი იქცა, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. სპეციალურად ამ მიზნით, საჭიდაო მოედნებიც კი არსებობდა. თავიდან ასეთი საჭიდაო მოედანი სწორედ მთაწმინდაზე ყოფილა, რომელიც მოგვიანებით, დიდუბის ერთ-ერთ ბაღში გადაუტანიათ. გარდა ამისა, საჭიდაო მოედნები არსებობდა „ფიქრის გორაზე“, მაშინდელ ელისაბედის ქუჩაზე (ახლანდელი წინამძღვრიშვილის ქუჩა), ავლაბაში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყის მახლობლად), მახათაზე. 2014 წელს ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2018 წლის დასაწყისში კი, საქართველოს მთავრობამ, სპორტის ამ უძველეს სახეობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განუსაზღვრა. „ქართული ჭიდაობა“ ნომინაციის სახით, ასევე, წარდგენილია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად. გადაწყვეტილება წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ტეგები