არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია - „ემპათია“
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 18:12
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია - „ემპათია“

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების „სტამბოლის პროტოკოლი“, „მინესოტას პროტოკოლი“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიკვდილის მიზეზების დადგენის საერთაშორისო გაიდლაინისა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, მეათე გადასინჯვის შესაბამისად.

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

დასკვნა წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას სარჩელში – ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნის ევროკონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტზე „ემპათიას“​ კომპლექსურ-კომისიურ სასამართლო ექსპერტიზას, ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი ტრავმული დაზიანების კვალი: ნაჭდევები, თითის მოტეხილობის, მრავლობითი ვრცელი სისხლნაღვენთებისა და ჭრილობების სახით, მიყენებული მოგრძო ფორმის, ბრტყელი ან ცილინდრული ზედაპირის მკვრივი-ბლაგვი საგნების, არაერთჯერადი დარტყმითი ზემოქმედებით, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მიმართულების, ან/და უსწორო კიდეებიანი, პირობითი საათის ციფერბლატის სხვადასხვა მიმართულების მქონე, რაც ადასტურებს, რომ დაზიანებები მიყენებულია ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევის მიზნით, ჯგუფურად- არაერთი პიროვნების მიერ.

ყველა წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ტრავმული დაზიანებები არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნება მთელ სხეულზე, თითქმის ყველა მიდამოში, მათ შორის, თავის არეში და სასქესო ორგანოების მიდამოში. მათი მთელ სხეულზე გადანაწილება, სხვადასხვა მიმართულება და ერთსა და იმავე უბანზე განმეორებითი დარტყმების კვალი მიუთითებს (ასე მაგალითად, ორივე ხელის მტევანზე აღწერილი დაზიანებები ჭრილობის სახით, სასქესო ორგანოების სათესლე ჯირკვლების დაზიანება, ასევე, ზურგზე, კიდურებზე, დუნდულოებისა და გვერდების მიდამოში) გამიზნულ დარტყმებზე, რისი მიზანიც იყო ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება და არ შეიძლება, განხილული იყოს, როგორც მკვრივ საგნებზე დაჯახების ან კიბიდან დაგორების შედეგები.

„მაშასადამე, დგინდება, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ცხინვალის კონტროლის ქვეშ არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში პროკურატურაში ან უშიშროების იზოლატორში, მათივე სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილისადმი ძლიერი ფიზიკური და შესაბამისად, ფსიქიკური ტრავმების მიყენებას აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, აღნიშნული გაეროს „კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ პირველი მუხლის შესაბამისად განიხილება, როგორც ადამიანის წამება“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დასკვნით, წამების დროს ადგილი ჰქონდა შემდეგი მეთოდების გამოყენებას – სასტიკი ცემა, განმეორებითი დარტყმებით სხეულის მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ხელის მტევნებისა და მარცხენა წვივის არეში (ჭრილობები), მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სხეულის მთელ ზედაპირზე (თითქმის 2/3-ზე მეტი ფართობი დაზიანებულია), დაფიქსირება – არაფიზიოლოგიურ მდებარეობაში ყოფნა, სექსუალური წამება – სათესლე ჯირკვლის დაზიანება.

„წამების ინსტრუმენტად იდენტიფიცირებულია: პოლიციური „დუბინკა“, ასევე, დიდი ალბათობით, შებოჭვისთვის ხელბორკილების, ხოლო ცემისთვის ავტომატის, სხვა იარაღის კონდახებისა და ლულის, ან სხვა ცილიდრული მყარი ბლაგვი საშუალებების გამოყენება. შესაძლოა, „სათესლე პარკის გადაგრეხვა, ან „მოგუდვაც“ იქნა გამოყენებული“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ფიზიკური გამოკვლევის მონაცემებით, გამოტანილი იყო შემდეგი დიაგნოზები/დაზიანებები:

„1. კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, თავის ქალას ტრავმა – დაზიანების ხარისხის შეფასება ვერ ხერხდება, ტვინის ქსოვილი წარმოდგენილი არ არის. თავის დაუზუსტებელი ტრავმები- S09.09 (S09.9unspecified injury of head) თავის დაუზუსტებელი ტრავმების შედეგები – T90.9 (T90.9 Sequelae of unspecified injury of head).

2. უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. ღია ჭრილობები, რომლებიც მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების რამდენიმე მიდამოს-T01.6.

3. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის (ღია) მოტეხილობა. სხვა თითის მოტეხილობა – S 62.6

4. მრავლობითი, ვრცელი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, მრავლობითი ტრავმები.

5. სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნიც სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში. მენჯის სხვა ორგანოების ტრამვა-S37.8.

ყოველივე, აღნიშნული დაზიანებები/დიაგნოზები, პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფება არჩილ ტატუნაშილის წამების ფაქტთან.

შესაბამისად, ფიზიკური ტრავმების ერთობლიობის, ინტენსივობის, განსაკუთრებით კი სათესლე პარკის დაზიანების, წამების შედეგად განვითარებული ტკივილით გამოწვეული ნეიროგენული/ტრავმული შოკი- T79.4 და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, არაადექვატური სამედიცინო მომსახურებისა და ძლიერი ტრავმული სტრესის ფონზე, გახდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იმყოფება მისი წამების ფაქტთან, რასაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე. აღნიშნულის შედეგად სიკვდილის ძირითადად მიზეზად დადგენილი იქნა – წამება (ძლიერი ტკივილი ფიზიკური, ფსიქოლოგიური – Y07).

ფსიქო-ემოციური სტრესი შეფასებულ იქნა, როგორც სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ტრავმული სტრესული მოვლენა – წამება, შესაბამისად, ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით. რომელნიც ერთმანეთთან შესაბამისობაში არიან. არჩილ ტატუნაშვილი დიაგნოსტირებული იქნა წამების მსხვერპლად – Z65.4 Victim of Turture“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დოკუმენტით, შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეკომენდაციები გაიცემა ოჯახის წევრებზე, რომლებიც დაზარალებულნი არიან აღნიშნულ ვითარებაში. აუცილებელია ოჯახის წევრების, დედის, მამის, დის მულტი-დისციპლინარული რეაბილიტაცია და სამართლებრივი მხარდაჭერა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ამასთან, „ემპათიაში“ საუბრობენ სამედიცონო ექსპერტიზის, გამოკვლევის ჩატარების დროს არსებული შეზღუდვების შესახებ (პატიმრობაში მყოფ პირთათვის):

„სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია სერიოზული შეზღუდვებით. კერძოდ, გვამის ექსპერტიზა ჩატარებულ იქნა შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების, ასევე შესაბამისი ჰისტოლოგიური სველი არქივისა და ჰისტოლოგიური ბლოკებისა და მიკროპრეპარატების გარეშე, რაც არჩილ ტატუნაშვილის გვამთან ერთად არ იქნა გადმოცემული მხარისთვის.

ასევე, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების არაერთგზის მოთხოვნისა, აღნიშნული მასალა ამ დრომდე გადმოცემული არ არის. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარისადმი გადმოცემული იქნა თითქმის ერთი თვის დაგვიანებით, რაც გვამის გამოკვლევისათვის გონივრულ ვადას არ წარმოადგენდა. ასევე, გადმოცემული არ არის ცხინვალის რესპუბლიკის საავადმყოფოს სამედიცინო დოკუმენტაცია, არც სხვა სახის იურიდიული თუ სამედიცინო სახის დოკუმენტაცია, გამოძიებას არ აქვს წვდომა უშუალოდ დანაშაულის ადგილთან, არ არის აღებული მასალა და ნიმუშები დანაშაულის ადგილიდან, რაც ექსპერტიზისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას შეადგენს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლო დასკვნაში პრაქტიკულად არ არის აღწერილი საქმის გარემოება, არ არის მითითებული გარდაცვალების ზუსტი დრო, არ არის მოყვანილი ცხინვალის რესპუბლიკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არჩილ ტატუნაშვილის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები და კლინიკური დიაგნოზი, რაც გახდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი არ არის მითითებული, თუ სად და როდის ჩაუტარდა ჰისტოლოგიური კვლევა, ვის მიერ იქნა ჩატარებული აღნიშნული გამოკვლევა, კომისიური გამოკვლევის დასკვნას ხელს აწერს მხოლოდ ერთი ექსპერტი, არ არის წარმოდგენილი ფოტომასალა, რაც არ შეესაბამება ზემოთ მითითებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული დასკვნის ობიექტურობას“, – აცხადებენ „ემპათიაში“.

ტეგები