აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2018 14:39
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

დღეს, 22 აგვისტოს, ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციების პირველი ნაწილი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის გამო მიიღეს.

ვაშინგტონში სჯერათ, რომ რუსეთმა დაარღვია 1991 წლის ამერიკული კანონი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვის შესახებ. საპასუხოდ მოსკოვში თქვეს, რომ ქიმიური იარაღი უკვე გაანადგურეს.

სანქციებით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო, რუსეთში იკრძალება იმ საქონლის შეტანა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სფეროსა და ენერგეტიკის სფეროში გამოიყენება.

თუ რუსეთი ქიმიური იარაღის სფეროში საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს, სამი თვის შემდეგ სანქციების მეორე რაუნდი ამოქმედდება. კერძოდ, აიკრძალება აშშ-ში „აეროფლოტის“ ფრენები და მინიმუმამდე შემცირდება ორმხრივი ვაჭრობა.
 

ტეგები