„ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2018 15:05
„ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე, ჩვენთვის ომი არ დასრულებულა, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ისაუბრეს საქმეზე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.

„სარჩელი ჩვენთვის სიმართლის დადგენას ნიშნავს. მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ, რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა.

მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი და ქვეყნის ღირსება. ეს დაამტკიცეს ექსპერტებმაც. ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაიარად არ შეიძლება – ყველაზე ძვირფასი, რაც იყო, ის დათმო, სამშობლოს გამო დათმო სიცოცხლე. მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე. 10 წელია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ომი ვითომ დამთავრდა, მაგრამ ჩვენთვის ომი არ დასრულება. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოეღება ბოლო ოსების თავხედობას“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ტეგები