გივი მიქანაძე ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2018 19:11
გივი მიქანაძე ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბელორუსის რესპუბლიკის ელჩთან, მიხეილ მიატლიკოვთან.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელი სტუმარს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ბელორუსიის პარლამენტის ორივე პალატის აპარატებს შორის თანამშრომლობაზე და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ესაუბრა. გაუზიარა საკუთარი ხედვები სამომავლო ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში ორი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის კოორდინირებული საქმიანობის თაობაზე.

გივი მიქანაძემ ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიმდინარე წლის 24-25 სექტემბერს, ქართული მხარის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც თბილისის პარლამენტის სასახლეში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსების მონაწილეობით მემორანდუმი გაფორმდება, რითაც საფუძველი ჩაეყრება რეგიონის პარლამენტების აპარატებს შორის ინტენსიურ და რეგულარულ თანამშრომლობას.

​„აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა, მიესალმა ამ ინიციატივას და მზაობა გამოთქვა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი როგორც პარლამენტებს შორის თანამშრომლობას, ისე პარლამენტის აპარატის დონეზე ურთიერთობას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ელჩმა, მიხეილ მიატლიკოვმა აღნიშნულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საელჩოს წარმომადგენლის დასწრების სურვილი გამოთქვა, რაც მხარდაჭერილი და მოწონებული იქნა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება როგორც პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის თანამშრომლობისას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს და ავითარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

„შევთანხმდით, რომ გვექნება რეგულარული, პერიოდული კომუნიკაცია და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რათა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში, როგორც ბელორუსის საელჩომ საქართველოში ასევე, ჩვენი ქვეყნის საელჩომ მინსკში, მნიშვნელოვანი როლი განახორციელოს. ამისკენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მომავალშიც მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

 

ტეგები