დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება და დღეს სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 24 / 08 / 2018 20:55
დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება და დღეს სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია - ირაკლი კობახიძე

„ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც იმის უმთავრესი გარანტიაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ,​ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციის დამთხვევა სიმბოლურად მოხდა.

„დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება და ამ დღეს, ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამართლიანი კონსტიტუციის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოში სისტემური უსამართლობის მიერ ფეხის მოკიდება თითქმის შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თერთმეტი წლის წინ, ირინა ენუქიძეც იმ უსამართლობას შეეწირა, რომელიც 2004 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით იყო ქვეყნაში დამკვიდრებული.

„კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი, კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების შინაარსს. სისტემური უსამართლობა, როგორც წესი, სათავეს იღებს უსამართლო კონსტიტუციაში, ხოლო სადაც კონსტიტუცია სამართლიანია, სისტემური უსამართლობის მიერ ფეხის მოკიდება სახელმწიფოში თითქმის შეუძლებელია. დღეს შესრულდა 11 წელი ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. ირინა ენუქიძე იყო სამართლიანობისთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც სწორედ იმ უსამართლობას შეეწირა, რომელმაც 2004 წელს თავი უსამართლო კონსტიტუციის წყალობით დაიმკვიდრა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ვალი იყო, თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი რედაქციის მთავარ ნიშან-თვისებებზე ესაუბრა.


„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების იდეას. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს დახვეწილ, ახალი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. ეს არის ახალი კონსტიტუციის ძირითადი ნიშან-თვისებები“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას თან ახლდა წინააღმდეგობები, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

„დიდი საქმე დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესსაც, როგორც მოგეხსენებათ, თან ახლდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები. თუმცა შრომის შედეგი არის ნამდვილად თვალნათელი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი დღისთვის დაიბეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის რამდენიმე ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მომზადდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის სპეციალური ვერსიები.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი პრეზენტაცია გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გერმანელი მეგობრების, კოლეგების წვლილი კონსტიტუციის ახალი მოდელის და ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში იყო ფასდაუდებელი. სიმბოლურია, რომ დღეს, ჩვენი ღონისძიება ემთხვევა გერმანიის ფედერალური კანცლერის, ქალბატონ ანგელა მერკელის ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მიმართ გერმანიის ურყევი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება, უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი ხელსუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, იურისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საქმით არის დაკავებული.


ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო კონსტიტუციური ცვლილებების შემუშავების პროცესში.

„მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ვენეციის კომისიას და პროცესში ჩართულ ყველა პირს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II და GIZ -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა რონალდ შტოირერმა.

პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა.


„დღეს აღვნიშნავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - კონსტიტუციის მიღების დღეს. ჩვენს ყველა მოქალაქეს და საქართველოს ყველა მეგობარს ვულოცავ ამ დღეს. საქართველოს, ჯერ კიდევ, 1921 წელს ჰქონდა მიღებული უმაღლესი სტანდარტის მქონე კონსტიტუცია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროინდელ ევროპაში, სწორედ საქართველოს კონსტიტუციას თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პროგრესულს. სწორედ იმ კონსტიტუციის საფუძველზე, 1995 წლის 24 აგვისტოს, იქნა მიღებული ახალი კონსტიტუცია და ამ მთავარი დოკუმენტით - ძირითადი კანონით განისაზღვრა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები - თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ და როგორი უნდა იყოს მისი მომავალი“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულად პასუხობს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მოთხოვნებს.


„დღეს, ქართული სახელმწიფოს განვითარება თვისობრივად ახალ ეტაპზეა, რომლის მოთხოვნებსაც სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტად უნდა იქცეს. კონსტიტუციამ სათანადო ადგილი უნდა დაიმკვიდროს და შეიძინოს ის მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს ერის გამაერთიანებელ ქვეყნის ძირითად დოკუმენტს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განაცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის საჯარო განხილვებში საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული და მისასალმებელია, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მოხერხდა მთავარ პრინციპებზე შეთანხმება.

„საკონსტიტუციო პროცესში ნათლად გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ძირითადი კანონი, როგორ არის საზოგადოება მასში ჩართული და რამხელა ინტერესი გამოიწვია კონსტიტუციის თითოეულმა დებულებამ ჩვენს მოქალაქეებში.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდე საჯარო განხილვებისას ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს. მისასალმებელია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამოინახა კომპრომისის გზები და მივაღწიეთ შეთანხმებას მთავარ პრინციპებზე, რადგან ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით გაძლიერდა პარლამენტის როლი, რითაც საქართველო საბოლოოდ შედგა როგორც ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა.

„დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას და ავტოკრატიის რისკს. სწორედ ჩვენმა გუნდმა გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ, რითაც საქართველო საბოლოოდ შედგა როგორც ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. მისასალმებელია, რომ ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირმა ახალგაზრდა დემოკრატიამ წარმატებულად გაიარა საკონსტიტუციო პროცესი და მე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში გადავუხადო გულითადი მადლობა“-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს კონსტიტუცია დღეს ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

„სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამაერთიანებელი. მე მწამს, რომ შორს არ არის ის დრო როდესაც ჩვენი კონსტიტუცია გავრცელდება ერთიანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გახდება დემოკრატიული ღირებულებებისა და თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტი“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კონსტიტუციის დღე მიულოცა ღონისძიების მონაწილეებს GIZ -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა, რონალდ შტოირერმა.

„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ კონსტიტუციის დღე იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ეს არის სპეციალური მოლოცვა. ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ. ქართულ-გერმანული თანამშრომლობა სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით ძალიან წარმატებულია. გასულ წელს ჩვენ 25 წლისთავი აღვნიშნეთ ქართულ-გერმანული გაერთიანებისა, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში, მეცნიერები და სამართლებრივი ექსპერტები თანამშრომლობდნენ ქართულ მხარესთან ყველა ფუნდამენტურ სამართლებრივ რეფორმაზე ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა პროექტებში, რომელსაც ახორციელებდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანელი მთავრობის სახელით“,-აღნიშნა რონალდ შტოირერმა.

GIZ -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორის განცხადებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება მოხარულია, რომ დაეხმარა პარლამენტს ბოლო კონსტიტუციური რეფორმის ჩატარებაში როგორც შინაარსობრივად, ასევე ორგანიზაციულად.

რონალდ შტოირერმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტისგან მიიღო დადებითი შეფასება, ხოლო ვენეციის კომისიამ კი იგი შეაფასა მაღალი დონის კონსტიტუციად.

„თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ კონსტიტუციურმა რეფორმამ ძალიან ბევრი ექსპერტისგან მიიღო დადებითი შეფასება საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კი იმით, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასა იგი მაღალი დონის კონსტიტუციად. კონსტიტუციური რეფორმის პროცესი ცხადია, ამთავრებს ქართული პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემისკენ ევოლუციას. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი კონსოლიდაციისა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისკენ ქვეყანაში“,-განაცხადა რონალდ შტოირერმა.

მისივე თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი და დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა იმ მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა, რომელიც არსებობს საქართველოსა და გერმანიას შორის.


GIZ -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს სამართლებრივი აქტებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს.

„ეს კონსტიტუცია არა მხოლოდ წარმატებული დოკუმენტია, არამედ ეს არის ძირეული კანონი, რომელიც მიმართულია ყველა მოქალაქისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოსახლეობას და მოქალაქეებს მისცეს ხელმისაწვდომობა ისეთი საკითხების შინაარსისკენ, როგორიც არის მაგალითად: ადამიანთა უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობ. ასევე, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისწავლებოდეს და იკითხებოდეს ეს მუხლები, პუნქტები“,-აღნიშნა რონალდ შტოირერმა.

GIZ -ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორის განცხადებით, მისი ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.


„მინდა მივულოცო ყველას, ვინც ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და რეალობად ქცეულიყო. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს დაეხმაროს“,- აღნიშნა რონალდ შტოირერმა.

კონსტიტუციის დღე და კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოცემა ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II მიულოცა.

„დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ: „მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია“, და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს ან გარკვეულ წრეებს. მე ვფიქრობ, რომ თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია“,-განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კათალიკოს-პატრიარქს საქართველოს პარლამენტში მობრძანებისთვის.

პრეზენტაციის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა საჩუქრად გადაეცათ.

საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, მინისტრები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ქალაქ თბილისის მერი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები, დიპლომატიურ კორპუსი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები.

ტეგები