მძღოლები მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს - ბათუმში ბელარუსი ტურისტი ცემეს
ამობეჭდვა · 28 / 08 / 2018 14:19
მძღოლები მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს -  ბათუმში ბელარუსი ტურისტი ცემეს

ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას გენინსპექციაში უჩივის. პაველ კირილოვის თქმით, ზებრაზე გადასვლისას ავტომობილმა გზა არ დაუთმო, შემდეგ კი მძღოლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს.

ტურისტი ყვება, რომ ადგილზე მისულმა მეორე განყოფილების გამომძიებელმა საქმე მანამდე არ აღძრა, ვიდრე მან გენერალურ ინსპექციაში არ დარეკა.

პაველ კირილოვი ამბობს, რომ პოლიციელებმა ის სასწრაფო დახმარების მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, მოგვიანებით კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულს ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციაში მიიყვანეს და პროტოკოლის დარღვევით მოექცნენ.

„ინსპექტორებმა მითხრეს, 5 წუთი მომეცადა, ამის შემდეგ ნახევარი საათი გავიდა, ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო, მე ცუდად გავხდი, მცემდა რამდენიმე მძღოლი, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, მათ შორის თავში. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მითხრეს, რომ ჩვენება მიმეცა, მე ვეუბნებოდი, რომ ცუდად ვიყავი და არ შემეძლო. ვეკითხებოდი, ვინ ან რომელი განყოფილებიდან იყვნენ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია,“- განაცხადა კირილოვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ხოლო პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს კი გენერალური ინსპექცია იძიებს.

ტეგები