ლორა სმიტის გაუპატიურებაზე მალხაზ კობაური გვეუბნება, სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, რადგან სქესობრივი აქტის დამყარება არ შემიძლიაო - ადვოკატი
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 13:12
ლორა სმიტის გაუპატიურებაზე მალხაზ კობაური გვეუბნება, სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, რადგან სქესობრივი აქტის დამყარება არ შემიძლიაო - ადვოკატი

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურებას გამორიცხავს. ლექსო კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლორა სმიტს არავითარი ძალადობის კვალი არ აღენიშნება და შესაბამისად, გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა ძალადობის კვალის არარსებობის პირობებში ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა გარდაცვლილის სხეულზე. ამასთან, კობაიძის თქმით, კობაური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს იმის დასამტკიცებალად, რომ მას სმიტთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

„სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო. ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან“, - განაცხადა კობაიძემ და აქვე დასძინა, რომ დაცვის მხარე აქამდე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს არ ენდობა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლითაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა შემოწმდა. კობაიძე აცხადებს, რომ კობაური სრულად შერაცხადია, რაც ასევე გამორიცხავს, მის მიერ აღნიშნული სასტიკი დანაშაულის ჩადენას.

„ექსპერტიზის დასკვნით კობაური სრულიად ჯანმრთელია. მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არ აქვს და ის სრულიად შერაცხადია. ეს კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს იმას, რომ შერაცხადი ადამიანი ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ლექსო კობაიძის ინფორმაციით, დაცვის მხარე ასევე ელოდება ერთ-ერთი ექსპერტიზის დასრულებას, რომლითაც სატელეფონო ანძების ჩანაწერების ამოღება მოხდება. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ჩანაწერებით დადგინდება, თუ რამდენი მობილურის ტელეფონის გამოყენება ფიქსირდებოდა დანაშაულის ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

ტეგები