ცესკომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადააყენა
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 15:24
ცესკომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადააყენა

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

ამასთან, როგორც სხდომაზე ცესკოს თავჯმდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ცესკომ გამოითხოვა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია.

მისივე თქმით, შიდა აუდიტის სამსახური ფაქტის შესწავლას განაგრძობს.

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ადგილის შევსება 2 დღეში უნდა მოხდეს.

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა გადადგომის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 27 აგვისტოს მიმართა. ამ დღეს გაერთიანებამ „ძალა ერთობაშიამ" ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.

ტეგები