გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული მუქარის გამო, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გამოკითხეს
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 18:34
გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული მუქარის გამო, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გამოკითხეს

ფეხბურთელ გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული მუქარის გამო, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე მორგოშია 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით დაიმუქრა, რადგან არ დაუშვებს, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლება ფეხბურთელ გურამ კაშიას მისცეს.

თავად მორგოშია მუქარას უარყოფს და ამბობს, რომ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"რუსთვი 2"-თან საუბარში "პატრიოტთა ალიანსის" წევრი დინამო არენასთან აქციის ჩატარებას ადასტურებს და ამბობს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

„მთავრდებოდა პოსტი ესე, რომ შენც ჩამოხვალ 9-ში და დანარჩენს ნახავ. თუმცა, როდესაც გამომძიებლებმა ნახეს დანარჩენი ჩემი პოსტები, ანუ წინამორბედი, მიხვდნენ, რომ ცხრაში რაღაც არ იგეგმებოდა სხვა, იგეგმებოდა ერთადერთი ის აქტივობა, რაც დაახლოებით იყო რამდენიმე თვის წინ ქუთაისში საქართველო-ბელორუსის თამაშის დროს. ძალისმიერ მეთოდით ჩვენ არ შევსულვართ იქ. დავადასტურე ეგ აქტშიც, რომ ჩვენ ყველას გვქონდა შეძენილი ბილეთები,“ - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძენილი აქვთ თუ არა 9 სექტემბრის მატჩის ბილეთებიც, მორგოშია ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე იზრუნეს და პრობლემა არ იქნება.

„ჩვენ არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ, არც კაშიას მხარდამჭერებთან, თუ ესეთი საერთოდ არის ვინმე და არც არავისთან. ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და ვისაც უნდა რომ, ასე ვთქვათ, ამ მამათმავლების პროპაგანდას დაუჭიროს მხარი, ეს მათი ნებაა და მათი არჩევანია,“ - განაცხადა მორგოშიამ.

გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცე-კაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების გამო, კაშია იძულებული გახდა, facebook- ზე ოფიციალური გვერდი გაეუქმებინა.

ტეგები