წყალტუბოში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე ყოფილ პროკურორს ბრალდება წარედგინა
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 19:20
წყალტუბოში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე ყოფილ პროკურორს ბრალდება წარედგინა

საქართველოს მთავარი პროკურატურა წყალტუბოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ყოფილ პროკურორს ბრალდება წარედგინა.

"საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება" - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ტეგები