1 სექტემბრიდან თამბაქოზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა
ამობეჭდვა · 01 / 09 / 2018 12:21
1 სექტემბრიდან თამბაქოზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა

დღეიდან თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესების ახალი რეგულაციები შედის ძალაში:

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, 1 სექტემბრიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ან დასახელება.
იკრძალება აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.
იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით - ე.წ. დრაივთამბაქო. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
იკრძალება თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე რეალიზაცია- ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.
იკრძალება სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია - ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია.
იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 18 წლამდე პირებზე - ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.
პირველი სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

ტეგები