დათო სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 15:57
დათო სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს

მ.კ-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია კომისიას გაცემული აქვს მუშაობის პროცესში,- ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ 2018 წლის 30 ივნისს გასცა, თუმცა მას შემდეგ კომისიამ გამოავლინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კიდევ უფრო გამყარდა მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები.

,,მ.კ-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია კომისიას გაცემული აქვს მუშაობის პროცესში, როდესაც ჩვენ გამოძიებული საქმის მასალების საქმის მიხედვით დავაფიქსირეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებდა პროკურატურის მხრიდან იქამდე დაუდგენელი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის ნათესავის მ.კ-ს მხრიდან,დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაზე. აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ 2018 წლის 30 ივნისს გასცა, თუმცა მას შემდეგ კომისიამ გამოავლინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კიდევ უფრო გამყარდა მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები. გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების გარდა კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე დაუდგენელი საგანი, რომელიც გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბის დროს. აღნიშნული ახალი გარემოება დამატებით ასაბუთებს მ.კ-ს განზრახვას დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში. მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნული საგანი მ.კ-მ 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს აჩვენა, შემდეგ გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას და ბოლოს ჩხუბის შემდეგ კვლავ აჩვენა მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
 

ტეგები