ანრი ოხანაშვილი: დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 16:01
ანრი ოხანაშვილი: დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია

ხორავას საპარლამენტო კომისიის მსვლელობისას ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კითხვით მიმართა:

„პირველი რაც ბატონმა ოთარმა თქვა ეს იყო, რომ კომისიამ ვერ დაადგინა რეალურად მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ამაზე მეთანხმებით ხომ? ანუ კომისიამ ვერ დაადგინა მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ხომ საერთო პოზიციაა? ჩვენ ვიცით და კომისიას აქვს ინფორმაცია, დავეთანხმები ბატონ ოთარს, გამოიკვეთა გარკვეული ახალი გარემოება მათ შორის კომისიისთვის და ასევე იცით , რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოყოფილია ცალკე საქმე, სადაც მუშავდება ბევრი ვერსია და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ეს ახლადგამოკვეთილი გარემოება ცნობილია. შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იცოდეს , რომ ეს გარემოება კომისიამაც დაადგინა და ეს გარემოება დადგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ჩვენს მიერ წარმოებული გამოკითხვებით ვერ დავადგინეთ და არ დადგინდა რომ მ.კ-ს ხელში ეჭირა დანა. მე მაინტერესებს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მ.კ-ს მხრიდან ჯგუფურ დანაშაულს, ამ შემთხვევაში მკვლელობის განზრახვას სხვასთან ერთად ეს საკიტხი რომ ჩავშალოთ , პირდაპირი მტკიცებულებები გვითხარით და ამის შემდგომ შეგვიძლია კიდევ დავსვათ საკითხი.

ის რომ დევნის კომპეტენცია არ არის საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა ძალიან კარგად იცით. გუშინ თქვენვე ახსენეთ, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება დევნის განხორციელების აქვს პროკურატურას. როდესაც საუბარია მკვლელობაზე და რეკომენდაციაში წერია, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით დაიწყე დევნაო ეს ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტმა უნდა უკარნახოს ვინმეს რომ შენ მე გავალებ დაიჭირე ეს პირი. ამიტომ დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიტოვებ ამის მსჯელობის ნიადაგს, თქვენთან ერთად რა სახით შეიძლება ამისი მოდიფიცირება და ჩამოყალიბება და ისე არ უნდა გავაკეთოთ , რომ ჩვენ პოლიტიკური დავალება მივცეთ რომელიმე ორგანოს რომ დააკავე პირი, შემდგომ მოხდეს პირის დაკავება, შემდგომ მოხდეს სასამართლოში მისი გამართლება და შემდგომ შესაძლოა საქმე აღმოჩნდეს სტრასბურგის სასამართლოში, რომ თურმე მტკიცებულებების გარეშე მოხდა პირის დაკავება და აქეთ შემობრუნდეს ეს საქმე" , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ტეგები