ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან 17 წლის ირანელი გოგო გადავარდა
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 23:08
ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან 17 წლის ირანელი გოგო  გადავარდა

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას „რეზონანსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის ოჯახთან ერთად ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდა. მრავლობითი მოტეხილობებით და სხეულის დაზიანებით იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაზარალებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, გოგო 17 წლის ირანელია, რომელიც საავადმყოფოში ოჯახმა შეიყვანა.

„გოგონა მართვით სუნთქვის აპარატზე აღარ იმყოფება, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ გოგონა არის კონტაქტური და დღის განმავლობაში მის მდგომარეობას ექიმები რამდენჯერმე ამოწმებენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შიდა ორგანოები დაზიანებული არა აქვს, თუმცა მას აქვს მოტეხილობები, რის გამოც ექიმები დღის განმავლობაში ოპერაციას ჩაუტარებენ. გვაქვს ინფორმაცია, გოგონა საავადმყოფოში ოჯახმა მოიყვანა. მათ განაცხადეს, რომ ის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა. ჩვენთვის უცნობია, რეალურად რა მოხდა. ვიცით რომ არის ირანის მოქალაქე და 17 წლისაა. მას საავადმყოფოში მშობლები ახლავს. სხვა დამატებით ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია", - აცხადებს „რეზონანსთან" ცირა აბულაძე.

ტეგები