ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2018 10:34
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნის.ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების საკითხებს განიხილავენ.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, კომისიის სხდომის დაწყებამდე, გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდება.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ეთმობა კონფლიქტის საკითხს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალი იყო იმ კონტექსტში, რომ რუსეთის აგრესიიდან და აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. მაღალი ინტერესია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

მე ვაპირებ, რომ სხდომაზე გავამახვილო ყურადღება ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებზე, რომლებსაც სჭირდება კონსოლიდირებული საერთაშორისო პასუხი, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უმძიმესი ტრაგედია და ტატუნაშვილის არაადამიანური წამებით მკვლელობა, მიმდინარე გამოძიება, საქართველოს მიერ საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში არსებული ყოველდღიური დარღვევები, უკანონო დაკავებები, მოსახლეობის საკუთრების უფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ამ პრობლემების მიმოხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ინფორმირებული მხარდაჭერა გააგრძელონ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის და საერთო ძალისხმევის მიმართ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისი მთავარი გზავნილი იქნება, კიდევ ერთხელ დაანახოს პარტნიორებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ინვესტირება მშვიდობაში.

„ეს არის ძალიან მატერიალური ინვესტიცია. ამას აქვს ძალიან ხანგრძლივი და პოზიტიური მოქმედების შესაძლებლობა და პოტენციალი. ის რომ დღეს ჩვენ არ ვართ ომის ცხელი სურათებით საერთაშორისო მედიაში, არის ძალიან კარგი და ეს არის ყოველდღიური შრომის შედეგი. ჩვენი ამოცანაა, არასდროს განმეორდეს ის, რაც 2008 წელს ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიყოთ საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩემი ვიზიტი და კომისიის სხდომა ამას ემსახურება. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს. პრობლემა არის ძალიან ცოცხალი, ძალიან აქტიური, მაგრამ არსებობს ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.



 

ტეგები