მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2018 21:01
მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნას, რომელიც 67 გვერდისგან შედგება, კომისიის 9 წევრმა დაუჭირა მხარი, 4 წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტს უახლოეს საათებში ბიუროზე წარადგენენ. 

საბოლოო კენჭისყრაზე ორი დოკუმენტი იყო გატანილი, თუმცა „ქართული ოცნების“ დასკვნა ჩავარდა, მას მხოლოდ კომისიის ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი.

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა.

ტეგები