წლის ბოლომდე კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ სამ ახალ ინიციატივას დავასრულებთ - მარიამ ჯაში
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 13:38
წლის ბოლომდე კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ სამ ახალ ინიციატივას დავასრულებთ - მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან ერთად უწყებათაშორისი შეხვედრა გამართა, რომელზეც კულტურის სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი; თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია; ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. ღონისძიებას პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძეესწრებოდა. 

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმაგანმარტა, განათლებისა და კულტურის სფეროები ინტერსექტორალური მიდგომების აუცილებლობას მოიცავს, ამიტომ პერიოდულად მსგავსი სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების გარშემო მუშაობასა და შეჯერებას.

შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თვალსაზრისით გასატარებელი ღონისძიებები, ასევე, საბიბლიოთეკო საქმის მართვის და მეთოდური რეკომენდაციების კუთხით განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც უნდა შეჯერდეს მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„დეცენტრალიზაციის პირობებში განათლებისა და კულტურის კუთხით განსახორციელებელი თითოეული ცვლილება მოითხოვს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო ურთიერთობას. ჩვენ შეხვედრებს ვაგრძელებთ. ნოემბერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ ზაზა გაბუნიასთან ერთად მუნიციპალურ ფორუმზე გვექნება უკვე დასრულებული ინიციატივის პრეზენტაცია, რომელიც უკეთესად დაიცავს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფორმაციების სანდოობას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, განისაზღვრება ბიბლიოთეკების სფეროში მეთოდური ცენტრი.

„სავარაუდოდ, ეს იქნება ეროვნული ბიბლიოთეკა. ასევე შევაჯერებთ კულტურული დაწესებულებების, მათ შორის, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უნივერსალური ადაპტაციის სამოქმედო გეგმებს. ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ინკლუზიას კულტურის სფეროში. აღნიშნული მოითხოვს არა მარტო ინფრასტრუქტურულ მოწყობას, მაგალითად, პანდუსების სახით, არამედ პროგრამულ ადაპტირებას სმენისა და მხედველობის დარღვევის მქონე პირებისათვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, წლის ბოლომდე 3 ინიციატივა დასრულდება და ახალი წლისთვის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდება.