ირაკლი კობახიძე შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 14:54
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დღეს შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, შეხვედრა მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან გამართა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაცია და ამ მხრივ არსებული გამოწვევები იყო.  მხარეებმა, ასევე,  ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„შვეიცარია მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მედიატორის როლი და ამ ფუნქციიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სტატუსი აქვს.  რაც შეეხება შეხვედრის დროს დასმულ თემატიკას, ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, ბუნებრივია, პირველი ეტაპი იყო ტენდენცია, როდესაც  თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, ბოლო თვეები აჩვენებს, რომ ვითარება  სტაბილურია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც საკანონმდებლო რეგულაციები მივიღეთ, როდესაც საქართველოს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას. ჩვენ შვეიცარიასთან ერთადაც გვაქვს უსაფრთხოების საკითხებზე, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად,  კარგი თანამშრომლობა, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც მივაღწიოთ სტაბილურ დინამიკას“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ. 

„პირველ რიგში, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ხელისუფლებას შორის არსებობს წარმატებული თანამშრომლობა. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაცია ნამდვილად კარგი რამ არის. თუმცა, ამ მხრივ არის გარკვეული პრობლემები, რაც ძირითადად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდას უკავშირდება.

ესაა ის საკითხი, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს როგორც საქართველოში, ასევე, შვეიცარიაში“,- განაცხადა მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორმა.