რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ჩატარებული სამუშაოების ანგარიში დაამტკიცა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 15:56
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ჩატარებული სამუშაოების ანგარიში დაამტკიცა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, კომიტეტის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

„ანგარიშში წარმოდგენილია კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანები, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს დავამტკიცეთ და მივიღეთ. ამავდროულად ის ძირითადი ნიუანსები, რომლებიც რა თქმა უნდა უკავშირდება კანონშემოქმედებით პროცესს და იმ მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელიც კომიტეტმა განსაზღვრა მიმდინარე წლის დასაწყისში“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას ზაზა გაბუნიამ.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის სექტემბერი და მასში დეტალურად არის წარმოდგენილი კომიტეტის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. კომიტეტის საქმიანობა ეფუძნება დამტკიცებულ სტრატეგიას და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას.

საანგარიშო პერიოდში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და ამის კვალდაკვალ, კომიტეტის მუშაობაში გარკვეული სიახლეებიც დაინერგა. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღებაში მოქალაქეთა  ჩართულობის გაძლიერების ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და კომიტეტის საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება. 

წარმოდგენილ ანგარიშს ზაზა გაბუნიას წინადადებით დაემატება მეცხრე თავი, რომლითაც განისაზღვრა გეგმები, რომლებიც მიმდინარე წელს კომიტეტს აქვს, მათ შორის, კანონშემოქმედებითი პრაქტიკის დახვეწის, კონტროლის და ზედამხედველობის ნაწილში, ასევე თვითმმართველობის რეფორმის, დარგობრივი კანონმდებლობის განვითარების, გასვლითი სხდომების შემდგომი განვითარებისა და   მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტის ნაწილში, ასევე კომიტეტის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კომიტეტის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, კომიტეტის აპარატის გაძლიერების და “სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის“  რიგით მესამე ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც იგეგმება ნოემბერში. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გეგმების ეს მეცხრე თავი კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის წარმოდგენილ ანგარიშს.

კომიტეტის წევრებმა ანგარიში ერთხმად დაამტკიცეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე შემდგომ პლენარულ სესიას წარუდგენს.

კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები: „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“)“  და „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (როგორც დაფინანსებული პროექტის განსახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შორის საგრანტო შეთანხმება“. საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ  გამოიტანა.

ამ საგრანტო და სასესხო შეთანხმებებით დაფინანსებული პროექტის მიზანია საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც მიღწეული იქნება პროექტით შერჩეულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროექტის ღირებულებაა 4,7 მლნ ევრო, საიდანაც 1,87 მლნ ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (ESP) გრანტის სახით დაფინანსდება, 2,83 მლნ ევრო კი - NEFCO-დან სესხის სახით. პროექტის განხორციელება ნავარაუდევია 2018-202 წლებში. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ შეთანხმებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე და აღნიშნა, რომ გარკვეული პარამეტრები და მონაცემები უკვე განახლებულია და მთელ რიგ შემთხვევაში სამინისტროს შვიდი-რვა თვის მონაცემები აქვს.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  დაგეგმილზე მაღალია და გასულ შვიდ თვეში 5,5 %-ს მიაღწია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლოს, როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი, 2018 წლის  მაკროეკონომიკური პარამეტრებიც იქნება განახლებული და მაჩვენებლების დაზუსტება ზრდისკენ მოხდება. რაც შეეხება ინფლაციას, იგი დაგეგმილია 3%-ის ფარგლებში, ივლისის მდგომარეობით იგი 3,1%-ია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ინფლაცია ფაქტობრივად დაგეგმილი მაჩვენებლის ფარგლებშია და ამ მხრივ რაიმე მოულოდნელობებს ნამდვილად არ ველოდებით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი თქმით, ბიუჯეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  საგარეო სექტორის მიმართულება, მათ შორის, საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და ტურიზმი და ყველა მათგანის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. საბოლოოდ კი, 2018 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებელმა 105.2 % შეადგინა. ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 5,441,800.4 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი  5,727,345.7 ათასი ლარი შეადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეადგენს 12 მლრდ 459 მლნ 500 ათას ლარს, წლის პირველ ნახევარში განსაზღვრული იყო 5 მლრდ 750 მლნ ლარი, საკასო შესრულებამ კი შეადგინა 5 მლრდ 465,9 მლნ ლარი, ანუ დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებამ შეადგინა 95,1%.

შემდეგ მან  ცალკეული სამინისტროების მიხედვით შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა, რომლის მიხედვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   მიერ გაწეული ხარჯი არის 490,5 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის  88%-ზე მეტია.

ათვისების სტატისტიკის შესახებ ცალკეული დეპუტატების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები.

როგორც თანამომხსენებელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხების სრულად ათვისება მართალია ვერ მოხდა, მაგრამ პროექტების განხორციელება მიმდინარეობს და როგორც დაგეგმილია, მეოთხე კვარტლის ბოლოს გეგმა აუცილებლად შესრულდება და წლის ბოლოს მოხდება ჩამორჩენის აღმოფხვრა.

ზაზა გაბუნიას თქმით, თანხების ათვისების ნაწილში მაჩვენებლები გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს უკავშირდება, რისი გამოსწორებაც მუნიციპალიტეტებთან და სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით სავსებით შესაძლებელია.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ხედავს ინფრასტრუქტურის მინისტრის აქტიურ ზედამხედველობას პროექტებზე, რაც მათი დროულად შესრულება-განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

ზაზა გაბუნია: „მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს მსხვილ კაპიტალურ პროექტებს, რაც მოითხოვს დიდ და რთულ სამუშაოს, ეს სამუშაო სახეზეა, რაც შეეხება ციფრებს, დარწმუნებული ვარ აქ ყველაფერი გამოსწორდება.“

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.