"იბერიას" საქმე და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 17:39
"იბერიას" საქმე და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
 
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. 
 
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ  ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე. 
 
ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი,  2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ,  საუბარში ფიგურირებს.
 
გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას.