ჩვენ მივიღებთ ახალ და კარგად შეჯერებულ შესყიდვების კანონმდებლობას - ნინო წილოსანი
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2018 17:34
ჩვენ მივიღებთ ახალ და კარგად შეჯერებულ შესყიდვების კანონმდებლობას - ნინო წილოსანი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განახლებული კანონმდებლობის შემუშავების და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გამართულ შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შესყიდვების სრულიად განახლებული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში აპროქსიმაციისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით შესატან ცვლილებებზე. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით,  „ევროდირექტივებისა და კარგი საერთაშორისო  პრაქტიკის შესაბამისი შესყიდვების ახალი კანონმდებლობის მიღება არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი. ძალიან კარგი პრეცედენტია, როდესაც შესყიდვების სააგენტოს მხრიდან ინიცირებული კანონის წერის პროცესში ერთვება  პარლამენტი. დღევანდელ შეხვედრაზე უცხოელ ექსპერტთან ერთად განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რომელ სტრუქტურულ ერთეულს დაექვემდებარება და რამდენად დამოუკიდებელი იქნება შესყიდვების დავების განმხილველი საბჭო. ამასთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება საიდუმლო შესყიდვები, რომელთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტრო დააფიქსირებს თავის პოზიციას, დღევანდელი შეხვედრა არის იმ ხანგრძლივი პროცესი შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ახალ და კარგად შეჯერებულ შესყიდვების კანონმდებლობას“.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობას კანონმდებლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები მუშობას ხვალ გააგრძელებენ.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.