ზუგდიდში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 12:45
ზუგდიდში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების კონკრეტული ვადები უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა დღეს გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. ამავე შეხვედრაზე განიხილეს ის ხარვეზები, რომელიც კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დროს გამოვლინდა.

„პროექტი, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, უმნიშვნელოვანესი პროექტია, თუმცა არსებობს ხარვეზები, რომელიც კონტრაქტორი კომპანიის მიერ არის დაშვებული და ეს ხარვეზები მოკლე დროში უნდა აღმოიფხვრას. საკითხი უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დაზიანებულ გზის საფარს, ჩვენ გვესმის მოსახლეობის წუხილი, რომელიც გადაადგილების დროს შექმნილი დისკომფორტით არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ გუბერნია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად ჩაერთვება სამუშაო პროცესში იმისთვის, რომ სავალი გზები მოკლე დროში მოწესრიგდეს,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

რაც შეეხება ზუგდიდის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით მიმდინარე მასშტაბურ პროექტს, მისი დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება. გათვალისწინებულია სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურის, მაგისტრალური მილსადენის, გამანაწილებელი ქსელების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ქალაქის წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.