საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 14:08
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნა

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნა, რომლეიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი, სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.

სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.