"აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ"
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 18:20
"აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ"

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.
 
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედება, ანუ საპენსიო დანაზოგების შეგროვების და კონტრიბუციის ეტაპი საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. 
 
„ამ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის საჭიროების, სარგებლისა და რისკების შესახებ; NDI-ის კვლევის თანახმად კი, რომელიც 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის 51%-მა არაფერი იცის საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელიც უკვე ძალაშია. 
 
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შეხვედრის ორგანიზება, სადაც გურიის მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია ძველი და ახალი საპენსიო სისტემების ასპექტებზე,  სავალდებულობის კომპონენტზე, იმ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საპენსიო აქტივების დაცულობას. რაც მთავარია, ხალხს მიეცა საშუალება, თემის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირებისგან მიეღო,“ - აღნიშნავს ნინო წილოსანი.  
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;  გიორგი ჭიჭინაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი. 
 
დამსწრე საზოგადოებამ გამომსვლელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია რეფორმის შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.