„ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“ - რას ჰყვებიან მალხაზ კობაურის ადვოკატები
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 12:32
„ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“ - რას ჰყვებიან მალხაზ კობაურის ადვოკატები

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატების თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი.

ადვოკატების თქმითვე, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა.

„ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული“, - განაცხადა მალხაზ კობაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

„გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება. აქედან გამომდინარე საჭიროა შეწყლდეს გამოძიება კობაურის მიმართ. რადგან, ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, თუ როგორ მოხვდა შემთხვევის ადგილზე სიგარეტის ნამწვი მაშინ, როდესაც თამბაქოს არ მოიხმარდნენ არც გარდაცვლილი და არც ბრალდებული პირი. ადვოკატი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის რაიონული პროკურატურა ვერ ართმევს თავს მიმდინარე საქმის გამოძიებას, საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას.

წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები